კლუბებისა და ფესტივალების დაჯარიმებულმა დამფუძნებლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები წარმოადგინეს.
როგორც პრესკონფერენციაზე კლუბის "მტკვარზე" ერთ-ერთმა დამფუძნებლმა ქეთა გაბუნიამ განაცხადა, აუცილებელია შრომის ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმების გაუქმება.
"დაუყოვნებლივ მოიხსნას ჯარიმები, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდეს თანამშრომლობის რეჟიმზე, ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში დადგინდეს ადეკვატური რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება გვექნება და სასწრაფოდ შეიცვალოს კლუბებისა და ფესტივალების სტატუსი და გადავიდეს გასართობი ღონისძიებებიდან კულტურული ღონისძიებების ნუსხაში", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ჯარიმების ოქმებში წერია, რომ დაჯარიმებულმა ობიექტებმა კულტურული ღონისძიებების ნაცვლად, "გასართობი ღონისძებები" ჩაატარეს.
"ოქმებში გვიწერია, რომ კულტურული ღონისძიებების ნაცვლად, ჩავატარეთ გასართობი ღონისძიებები, მაგრამ ინსპექცია სრულიად სხვა რამეს ლაპარაკობს. ჩამონათვალი გააკეთეს, ისეთი ნიუანსები, რომელიც შეეძლოთ ჩვენთან ერთად გაესწორებინათ. როგორც ჩანს, თავადვე აიბლანდნენ თავის რეგულაციებში და ახლა ცდილობენ შეცვალონ სიტუაცია", - აცხადებს გაბუნია.
ცნობისთვის, "მზესუმზირამ" 23 ივლისს განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ კომუნა 17 ივნისს გამართული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს.
გუშინვე შრომის ინსპექციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც "მზესუმზირასა" და სხვა ღონისძიებების ორგანიზატორების დაჯარიმების მიზეზების ახსნა სცადა.
"იმ ობიექტების მიმართ, სადაც გამოვლენდა ისეთი შეუსაბამობები, რომლებიც იყო განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ახალი კოროვანირუსის გავრცელების თვალსაზრისით, შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.
თავის მხრივ, კომუნა "მზესუმზირამ" შრომის ინსპექციის არგუმენტაციას "უტიფარი ტყუილი" უწოდა.
ცნობისთვის, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა 13 ივლისს, გარკვეული პირობებით, მოიხსნა.